არჩევნებში მონაწილეობა ევროკავშირის სახელმწიფოს პასპორტითაც იქნება შესაძლებელი
არჩევნებში მონაწილეობა ევროკავშირის სახელმწიფოს პასპორტითაც იქნება შესაძლებელი
16:09 07.06.2012
ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქისთვის პასიური და აქტიური საარჩევნო უფლების მინიჭების შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს  პარლამენტი „საარჩევნო კოდექსში“ ასახავს.
„საარჩევნო კოდექსში“ აღნიშნული ცვლილებების პროექტი დღეს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე იყო ინიცირებული.
პროექტის თანახმად, „საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ნაცვლად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები არჩევნებში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პასპორტს გამოიყენებენ.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, შესაბამისი ცვლილებები შევა „საარჩევნო კოდექსის“ გარდამავალ დებულებებშიც, რომლითაც აღნიშნულ პირებს საარჩევნო აგიტაციის წარმოების, პოლიტიკური პარტიის შექმნისა და სხვა ტექნიკური უფლებები მიეცემათ.
კონსტიტუციაში შესული ცვლილებების თანახმად, 2014 წლის პირველ იანვრამდე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვს პირს, რომელიც დაიბადა და ბოლო ხუთი წელი საქართველოში ცხოვრობს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეა.
„საარჩევნო კოდექსში“ აღნიშნული ცვლილებებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა ეძლევა არჩევნებში მონაწილეობა ევროკავშირის სახელმწიფოს პასპორტით მიიღოს.

ბეჭდვა