საბჭოთა მენტალიტეტის რუსეთს აღიზიანებს საქართველოსადმი საერთაშორისო დონის ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა ვერ მოახერხა საქართველოს ხელისუფლების დამხობა და ის აცნობიერებს, რომ მოუწევს საქართველოს დეოკუპაცია და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
„რუსეთი საბჭოთა კავშირი არ არის, და ეს ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება“ – განაცხადა მალაშხიამ.
რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ საქართველოში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თბილისის რევანშისტულ მისწრაფებებს ახალისებს და რუსეთს 2008 წლის „დეჟავიუს“ შეგრძნება აქვს. ლუკაშევიჩმა ასევე განაცხადა, რომ კლინტონის განცხადებები ადასტურებს, რომ აშშ–მ საქართველოსთან მიმართებაში გაკვეთილი ვერ აითვისა.
