მიხეილ სააკაშვილმა მაასტრიხტში ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილმა მაასტრიხტში ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა
12:11 23.02.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიაში მაასტრიხტის უნივერსიტეტს ესტუმრა.  ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის მთავარი თემა საქართველოს პოლიტიკური ტრანსფორმაცია და რეგიონში მისი როლის ზრდა იყო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უნივერსიტეტში სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილმა იმ რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში 2004 წლიდან ხორციელდება.
"რადიკალურმა რეფორმებმა ჩვენი ქვეყანა არშემდგარი სახელმწიფოსგან რეგიონის ლიდერად აქცია - ვარდების რევოლუციამდე ჩვენ თითქმის არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით, მაგრამ ახლა კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკის გახსნილობის თვალსაზრისით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვლიდერობთ" - განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე და მალე მასთან ვიზების გარეშე მიმოსვლის შესახებ მოალაპარაკებაც დაიწყება.

"რა თქმა უნდა ეს არის ის რაც საქართველოს რეგიონულ ჰაბად აქცევს, რადგან ჩვენ გვაქვს მეზობლებთან ლიბერალური მიდგომა. რუსების უმეტესობასაც შეუძლია საქართველოში ვიზის გარეშე ჩამოსვლა, მაგრამ ქართველებისთვის რუსეთში წასვლა თითქმის შეუძლებელია. ისინი ასევე ყოველთვის საუბრობენ ახალ აგრესიასა და ახალ კონფლიქტზე. თუმცა იმის მიხედვით, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს მეზობელ ქვეყნებთან, წელს რუსეთიდან მილიონამდე ტურისტს ველოდებით. მათ საოცარი შთაბეჭდილება რჩებათ საქართველოზე" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა.
აუდიტორიის ინტერესი ძირითადად ისეთ საკითხებს წარმოადგენდა როგორიცაა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივა, საქართველოს ნატო-ში მისწრაფება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.

ბეჭდვა