ბაღათურია სამარშრუტო ტაქსებში რადიომაუწყებლობისა და „მეცხრე არხის“ სიგნალის შესაძლო გათიშვას აპროტესტებს
ბაღათურია სამარშრუტო ტაქსებში რადიომაუწყებლობისა და „მეცხრე არხის“ სიგნალის შესაძლო გათიშვას აპროტესტებს
15:11 07.06.2012
ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „მეცხრე არხის“ სიგნალის შესაძლო  გათიშვასთან დაკავშირებით და ქალაქის სამარშრუტო ტაქსებში რადიომაუწყებლობის გათიშვის გამო პროტესტი გამოხატა.
„ეს არის პირდაპირი მუქარა და შეტევა თავისუფალ მედიაზე და დემოკრატიაზე და აშკარა მინიშნება ოპოზიციური პარტიებისთვის“-განაცხადა ბაღათურიამ.
დეპუტატის თქმით, სამარშრუტო ტაქსებში ძირითადად უსმენდნენ რადიო „მაესტროს“, „ობიექტივს“ და იმ სხვა რადიოსიხშირეებს, სადაც ოპოზიციური აზრი ისმის.
ბაღათურიას განცხადებით, ერთადერთი წყარო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრის გამოხატვის და საზოგადოებამდე მიტანისა არის ტელეკომპანია „მეცხრე არხი“, „მაესტრო“ და სხვა მედიასაშუალებები, რომლებზეც ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვები წესდება.
ბაღათურიას განცხადებას ვიცე-სპიკერის, ბიუროს სხდომის თავმჯდომარის რუსუდან კერვალიშვილის პასუხი მოჰყვა.
„თქვენი ხმა ისმის ბიუროს სხდომაზე, ეს ჩვენი დამსახურებაა და ბიუროზე არიან მედიის წარმომადგენლები და თქვენს აზრს ისმენენ“-განაცხადა კერვალიშვილმა.

ბეჭდვა