„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე ხელისუფლებას წყალტუბოში კომპაქტურად
ჩასახლებული დევნილების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს.
როგორც ჩახვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, წყალტუბოში ერთ-ერთ სანატორიუმში ჩასახლებული დევნილები საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით გაურკვეველ მდგომარეობაში არიან.
მისი თქმით, მათ ლტოლვილთა სამინისტრო გასახლებას უპირებს, თუმცა, დევნილებს მათი მომავალი საცხოვრებელი ადგილების შესახებ ინფორმაციას არ აწვდის.
„დევნილს აქვს უფლება საცხოვრებელი ადგილი აირჩიოს. ნათ ნაწილს წყალტუბოდან გასახლება არ სურს. უნდათ, რომ სახლები იქვე აიშენონ“ - განაცხადა ჩახვაძემ.
მისივე თქმით, წყალტუბოში 1 500-მდე დევნილ ოჯახს ელექტროენერგიის, წყლის მიწოდების პრობლემები აქვს, ასევე, დასაქმების, ჯანდაცვის და სხვა სოციალური პრობლემები იკვეთება.
როგორც არასამთვრობო ორგანიზაცია „წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირის“ წარმომადგენელმა ლალი გრიგოლავამ აღნიშნა, 2010 წელს დევნილთა სამინისტრომ დევნილებისგან დანაზოგი თანხა ათასობით ლარის ოდენობით კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ანგარიშიდან გამოითხოვა. მთავრობა ერთ დევნილ ოჯახზე 100 კილოვატი ელექტროენერგიის საფასურს - 12,95 ლარს „ენერგოპრო ჯორჯიას“ ანგარიშზე რიცხავს. იმ შემთხვევაში თუ, ოჯახი აღნიშნული ოდენობის ელექტრონერგიას არ ხარჯავს, მას დანაზოგი კომპანიის ანგარიშზე უგროვდება.
„ამ თანხის გატანის შემდეგ, დევნილები ფაქტიურად ვეღარ გამოდიან დავალიანებიდან, როცა ადრე საკმაოდ დიდი დანაზოგი ჰქონდათ“ - განაცხადა გრიგოლავამ.
გრიგოლავას განცხადებით, დევნილები სამინისტროსგან დანაზოგის დაბრუნებას ითხოვენ, რათა დავალიანების დაფარვა შეძლონ.
