კახა კუკავა - ჰილარი კლინტონმა საქართველოში არჩევნების გაყალბებას მწვანე შუქი აუნთო
კახა კუკავა - ჰილარი კლინტონმა საქართველოში არჩევნების გაყალბებას მწვანე შუქი აუნთო
14:10 07.06.2012
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა მიიჩნევს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნმა ჰილარი კლინტონმა საქართველოში არჩვენების  გაყალბებას მწვანე შუქი აუნთო. აღნიშნულის შესახებ კახა კუკავამ დღეს, პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან ალექსანდრე შალამბერიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჰილარი კლინტონის ვიზიტი მიზნად ისახავდა იმას, რომ მას თავისი თვალით ენახა როგორ მიდის საქართველოს ამერიკანიზაციის პროცესი.
„ის, რომ აშშ-ს პოლიტიკის მთავარი მიმართულება საქართველოსთან მიმართებაში „სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაა“, სხვა არაფერია, თუ არა სურვილი გადააქციოს საქართველო არენად ამერიკული სამხედრო ტვირთების ტრანზიტისთვის და რუსეთთან დაპირისპირების მუდმივი დესტაბილიზაციის წყაროდ“ - განაცხადა კუკავამ.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის ნეიტრალური სტატუსის სამგზავრო დოკუმენტების შემოღების ინიციატივასაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს არაფერია თუ არა აფხაზი და ოსი ხალხის შეურაცხოფა. კუკავას თქმით, აფხაზებისა და ოსების თანხმობის გარეშე ნებისმიერი აქტივობა ვითარებას უფრო დაძაბავს.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ უარყოფითად აფასებს საქართველოს ამერიკანიზაციის პროცესს და ნატო-ზე უარის თქმას, ავღანეთიდან ქართული ჯარების გამოყვანას, ევროპის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის გზების ძიებას მოითხოვს.

ბეჭდვა