საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი საქართველოში არსებულ დემოკრატიას
ვლადიმერ პუტინისეულ რუსულ დემოკრატიას ადარებს.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბრობს.
დიპლომატის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებული გზავნილები საქართველოს ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიგოს.
„2008 წლის ივლისში კონდოლიზა რაისი საქართველოში სპეციალურად იმისთვის ჩამოვიდა, რათა ხელისუფლებისთვის ეთქვა - არ დაეშვა უდიდესი შეცდომა და ომის პროვოკაციას არ აჰყოლოდა, თუმცა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ღამეს სააკაშვილმა ცხინვალის დაბომბვის გადაწყვეტილება მიიღო“ - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
მისი განცხადებით, ახლა ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა და 2013 წელს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ითხოვა.
„სააკაშვილმა მოუსმინა და მისი წასვლის შემდეგ, ოპოზიციური ტელევიზია „მეცხრე არხის“ და საზოგადოებრივ ტრანსპორტში რადიო სიხშირეების გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო“ - ნათქვამია განცხადებაში.
ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული ნაბიჯებით იოლი მისახვედრია როგორ ეშვება მიხეილ სააკაშვილი ძალაუფლებიდან დაღმავალი გზით.
ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოს დემოკრატია უარესობისკენ მიდის და პუტინისეულ დემოკრატიას ემსგავსება.
