საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ საღამოს ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც „Facebook“-ში პრეზიდენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ყურადღება სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა, რომლებიც რაიონში განხორციელდა და სამომავლოდ იგეგმება.
„პრეზიდენტი ამ უბნის მოსახლეობის სურვილებით დაინტრესდა და მათ შეკითხვებს უპასუხა“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, სააკაშვილმა სადაზღვევო პოლიტიკასა და განათლების სისტემაში დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე ისაუბრა.
ამასთანავე, მან აშშ-ს სახელწმიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით თანამშრომლობას კიდევ უფრო აფართოებს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ამ მხრივ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება.
