დავით ბაქრაძემ და ლაჩეზარ ტოშევმა კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს
დავით ბაქრაძემ და ლაჩეზარ ტოშევმა კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს
19:25 06.06.2012
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის მომხსენებლის ლაჩეზარ ტოშევის შეხვედრაზე, კავკასიის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის პერსპექტივები და სამშვიდობო ინიციატივები განიხილებოდა.
როგორც ბაქრაძემ განაცხადა, საქართველო მიესალმება და მხარს უჭერს ევროპულ ინიციატივას, რომელიც კავკასიის რეგიონის თანამშრომლობის გაღრმავებისკენაა მიმართული.
მისი თქმით, რეგიონალური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.
ბაქრაძის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საქართველომ არაერთი ღონისძიება განახორციელა, მათ შორისაა, სავიზო რეჟიმის გაუქმება მეზობელ ქვეყნებთან და ბიზნესის წამოწყების გამარტივება.
ევროპელმა სტუმარმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებას დადებითი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ქვეყანა იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის მომხსენებლის შეხვედრები თბილისში ხვალაც გაგრძელდება. საქართველოს შემდეგ, ტოშევი ოფიციალურ შეხვედრებს სომხეთსა და აზერბაიჯანში გამართავს.

ბეჭდვა