„ქართული ოცნება“ კოალიციის ბუკლეტების შესახებ ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტს პროვოკაციად აფასებს
„ქართული ოცნება“ კოალიციის ბუკლეტების შესახებ ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტს პროვოკაციად აფასებს
18:11 06.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტს, რომელიც კოალიციის მიერ მოქალაქეებისთვის ბუკლეტების დარიგებას ეხებოდა, მორიგ პროვოკაციად აფასებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, სატელევიზიო სიუჟეტში რამდენიმე პირი დაზეპირებულ ფრაზებს იმეორებდა, თითქოს, „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს 1 000 ლარამდე ღირებულების საოჯახო ტექნიკის შეძენას ჰპირდება.
მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ მიმართ მორიგი რეპრესიული ღონისძიებისთვის საბაბის შექმნისკენაა მიმართული.
„ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ბინძური ოპერაციაა და საქმე არაფერი აქვს კოალიციის საქმიანობასთან და გეგმებთან“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი განმარტებით, კოალიცია მოსახლეობას ოცნებების ასრულებას მართლაც ჰპირდება, მაგრამ არა არჩევნებამდე საჩუქრების დარიგების გზით, არამედ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებით, სიღარიბის დაძლევით, სოციალური პრობლემების მოგვარებით, დასაქმებითა და ეკონომიკის აღმავლობით.
„ჩვენ ცალსახად ვემიჯნებით ყველას, ვინც ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და „ქართული ოცნების“ ასრულების ჩვენეულ კონცეფციას ამახინჯებს. ასევე, ვემიჯნებით ყველას ვინც ცდილობს სხვა მიზნებით გამოიყენოს ჩვენი მოსაწვევი ბარათები და სხვა ატრიბუტიკა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ სიუჟეტში ნაჩვენები ახალგაზრდები არასოდეს ყოფილან კოალიციის წევრები და ისინი კოალიციასთან ასოცირებული ახალგაზრდები არიან, რომელთა რაოდენობა „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე ასეულია.
კოალიციაში არ გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც სიუჟეტში შეუსაბამო ინფორმაციას ავრცელებდნენ, სხვადასხვა მიზნებით არიან „ქართულ ოცნებაში“ მისული და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, გადაბირებულიცაა.
„სხვა შემთხვევაში, არ მიმაჩნია ლოგიკურად, რომ ადამიანმა, რომელიც ჩვენი მოძრაობის ერთგულია, ასეთი რამ გააკეთოს. ეს ახალგაზრდები ჩვენი აზრით არიან ან მოტყუებულები, ან შეშინებულები, ან სხვა მიზნებით მოსულნი“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დარიგებული ბუკლეტები, სადაც მოქალაქეს საკუთარი ოცნება შეეძლო დაეფიქსირებინა, საზოგადოების პრობლემების გაგებას ემსახურებოდა, რომელიც კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გადაიჭრება.
აღნიშნული ტიპის ბუკლეტები კოალიციამ 27 მაისის აქციის წინაპერიოდში და აქციაზე დაარიგა. მოქალაქეს შეეძლო ბუკლეტში თავისი ოცნება ჩაეწერა, შემდეგ ბუკლეტს კოალიციის წარმომადგენლები სპეციალურ ჩანთებში აგროვებდნენ.
კონტროლის პალატამ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შესაძლოა, ეს ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვას უკავშირდებოდეს და პროკურატურას ამით დაინტერსებისა და რეაგირებისკენ მოუწოდა. ამ მიმართულებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის მთავარმა სამმართველომ უკვე დაიწყო.

ბეჭდვა