საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებას, აფხაზებისა და ოსებისთვის ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტების მიღებასთან დაკავშირებით, კლინტონის ვიზიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგს უწოდებს.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ეს არის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ნდობის აღდგენაში დაეხმარება.
„ეს არის ნაბიჯი, რომელიც მათ იმის მოტივაციას გაუჩენს, რომ სწორედ ამ დოკუმენტაციით და არა რუსული პასპორტებით ისარგებლონ, იმოგზაურონ და განათლება მიიღონ“ - აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ აშშ-ს ამ ინიციატვის მიმართულებით ევროპის სხვა სახელმწიფოებიც წავლენ,რაც კონფლიქტურ ტერიტორიებზე არსებული დინამიკის შეცვლაში საქართველოს მნიშვნელოვნად დაეხმარება.
უახლოეს მომავალში აფხაზი და ოსი ხალხისთვის აშშ-ს საელჩოები და საკონსულოები ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტებს მიიღებენ. ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც კლინტონმა აღნიშნა, ამ დოკუმენტით მათ აშშ-ში სწავლის ან მოგზაურობის საშუალება ექნებათ.
