აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებებში მნიშვნელოვანი გზავნილი უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ურთიერთდაკავშირება იყო.
ამის შესახებ „ნიუსპრესთან“ საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
გიგაურის თქმით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს უსაფრთხოება ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებთან იქნება კავშირში.
„თუ გვინდა, რომ საქართველო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანა იყოს, დემოკრატული ინსტიტუტების გაძლიერება აუცილებელია“ - განაცხადა გიგაურმა და აღნიშნა, რომ ამისთვის ხელისუფლებამ თავისუფალი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიაგარემოს შექმნა. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიაში „ეს შენ გეხება“ პირველ ადგილზე მედიაგარემოს გაუმჯობესება დგას.
„იმისთვის, რომ საზოგადოებამ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, აუცილებელია, მან ინფორმაცია სხვადასხვა საინფორმაციო არხიდან მიიღოს. სხვა შემთხვევაში, რთული იქნება თქმა, რომ არჩევნები დემოკრატიული და თავისუფალი იყო“ - აღნიშნა მან.
გიგაური მიიჩნევს, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ვინაიდან ამ არჩევნებით ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, სურს თუ არა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გააქტიურება.
მისი აზრით, სახელმწიფო მდივანმა აქცენტი სწორედ ამ საკითხებზე გააკეთა.
