ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის მომხსენებელი საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის მომხსენებელი საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა
16:23 06.06.2012
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის მომხსენებელმა ლაჩეზარ ტოშევმა და საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა კავკასიის რეგიონში მშვიდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს დღეს, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე.

როგორც შეხვედრის შემდეგ უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, ევროპელ დეპუტატებს საქართველოსა და მთლიანად რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში თავისი პოზიტიური წვლილის შეტანა სურთ.

თარგამაძის თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედების არეალის გაფართოება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისიის შესვლა.

„ეს ადგილზე ვითარების მონიტორინგისა და შეფასების უკეთეს სისტემას შექმნის, რაც ჩრდილოელი მეზობლისგან მომდინარე მოულოდნელი საფრთხეებისაგან დაგვიცავს “ – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, კერძოდ, საერთო ეკონომიკური პროექტების განხორციელებას.

„მცირე და საშუალო ბიზნესში ქართველი და აფხაზი, ქართველი და ოსი, ასევე, აზერბაიჯანელებისა და სომხების ერთობლივ მონაწილეობაზეც ვისაუბრეთ. იდეები ახალგაზრდულ და სპორტულ პროექტებსაც მოიცავს. თუ ევროპელი მეგობრები აქტიურად ჩაერთვებიან, თბილისს, როგორც კავკასიის ცენტრს მნიშვნელოვანი პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია“ – აღნიშნა თარგამაძემ.

ლაჩეზარ ტოშევს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიღებს.

ბეჭდვა