მინდია გულუა აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას ფართო მცნებად მიიჩნევს
მინდია გულუა აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას ფართო მცნებად მიიჩნევს
15:50 06.06.2012
პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მინდია გულუა აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში მომზადებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.
როგორც მინდია გულუას განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ აშშ-ს ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთთანამშრომლობას არ გულისხმობს.
განცხადების თანახმად, სტრატეგიული პარტნიორობა უფრო ფართო მცნებაა და აშშ-ს მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს.
„დღეს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს მკვეთრად უპირისპირდება და ქვეყნის მართვას ანტაგონისტურ რეჟიმში აგრძელებს, რითაც უმთავრეს დემოკრატიულ ღირებულებებს - ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას იგნორირებას უკეთებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
მინდია გულუა მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობას სააკაშვილის ხელისუფლების ნდობა აღარ აქვს.
„ეს პირველ რიგში ეკონომიკურ ურთიერთობებს ეხება. გლობალური ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით საქართველოს მიღწევები გაღატაკებული და დემორალიზებული ხალხისთვის დიდი ვერაფერი ნუგეშია, რომელთა შემოსავლის უდიდესი ნაწილი გადასახადებსა და საბანკო კრედიტებს მიაქვთ, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში შესული ფული ხალხის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არ იხარჯება“ - აცხადებს მინდია გულუა.
მისივე თქმით, სასურველია, რომ შეერთებულმა შტატებმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს საყოველთაობისა და არა შერჩევითობის პრინციპით მეტი ყურადღება დაუთმოს, რათა საქართველოში არსებულ უმძიმეს სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე უფრო ფართო წარმოდგენა შეიქმნას.

ბეჭდვა