თარგამაძე - კლინტონის განცხადებები მედიის ხელმისაწვდომობაზე ხელისუფლების დამოკიდებულებას შეცვლის
თარგამაძე - კლინტონის განცხადებები მედიის ხელმისაწვდომობაზე ხელისუფლების დამოკიდებულებას შეცვლის
15:29 06.06.2012
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება მედიის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დამოკიდებულებას შეიცვლის.

როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ჰილარი კლინტონი ოპოზიციურ პარტიებს გუშინ გამართულ შეხვედრაზე დაჰპირდა, რომ საელჩოს მეშვეობით აშშ დააკვირდება, შეიქმნება თუ არა ტექნიკური და სხვა სახის წინაპირობა ყველა მოქმედი მედიასაშუალების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

„გამჭვირვალე საარჩევნო გარემოსთვის გადაუდებლად აუცილებელია, რომ ყველა მაუწყებელს თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. ვფიქრობ, ჰილარი კლინტონის ეს ვიზიტი და მისი განცხადებები ხელისუფლების დამოკიდებულების კორექტირებაზე გავლენას მოახდენს“ – განაცხადა დეპუტატმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში ეს საკითხი უახლოეს მომავალში განიხილება.

ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის საკაბელო ოპერატორების მიერ მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის საკითხზე ჯერჯერობით შეთანხმება არ არსებობს.

ბეჭდვა