„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ აპროტესტებს ქვეყნის უზენაესი კანონის - კონსტიტუციის ერთი ძალის სურვილის მიხედვით სისტემატურ ცვლას.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ქეთი ზაქარეიშვილმა განაცხადა, პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვით, კონსტიტუციაში ქალაქ ლაზიკის სტატუსის ორგანული კანონით განსაზღვრის შესახებ ჩანაწერი გაჩნდება. პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ეს ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციის ზრდას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ საფინანსო ცენტრად მის გადაქცევას.
ზაქარეიშვილის თქმით, „NDI-ს ამოფარებულ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ უზენაეს კანონში ხალხის ნების საწინააღმდეგო ცვლილების შეტანის მორიგი მცდელობა აქვს. მისივე განმარტებით, საქართველოს ქალაქებში ლაზიკის სტატუსთან დაკავშირებით, სახალხო გამოკითხვები არაორგანიზებულად ტარდება.
„სრულფასოვანი განხილვისთვის დოკუმენტის წინასწარი გაცნობის ნაცვლად, საკანონმდებლო ინიციატივების წერილობითი ფორმით მოძიება პრაქტიკულად ვერ ხერხდება და ამდენად, მსგავსი შეხვედრები არაფორმალურ ხასიათს იღებს“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ ყველა შეხვედრა, რომელიც ერთი შეხედვით მოსახლეობის პოზიციის დასაფიქსირებლად ხდება, ხელისუფლების ანგაჟირებული ჯგუფებით არის დაკომპლექტებული, რაც სახალხო გამოკითხვებს აზრს უკარგავს“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
„დემოკრატიული მოძრაობა“ ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღიათ პროფესიონალებსა და ექსპერტებს, ასევე, იმ ფაქტს, რომ დარღვეულია ამ საკითხების მარეგულირებელი ყველა სამართლებრივი ნორმა.
„დაუშვებელია, კონსტიტუციის ამგვარად გაუბრალოება, რაც მას ფარატინა ფურცლად უფრო აქცევს, ვიდრე კანონმდებლობის უმაღლეს წყაროდ“-განაცხადა ზაქარეიშვილმა და NDI-ს მოუწოდა - ნებით თუ უნებლიედ ნუ გახდება ხელისუფლების არაკონსტიტუციური ცვლილებების ხელშემწყობი.
