საქართველოში დღეს ერთი ადამიანის პოლიტიკური გავლენაა და ამ პოლიტიკოსს არ შეუძლია ხელისუფლებიდან წასვლის შესახებ პირდაპირ განაცხადოს,
რადგან ეს სახელისუფლებო ვერტიკალის ჩამოშლას გამოიწვევს.
ასეთი კომენტარი გააკეთა დღეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გუშინდელ განცახდებაზე, 2013 წელს საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების მნიშვნელობის შესახებ.
„კითხვაზე, აპირებს თუ არა პრემიერ–მინისტრობას - სააკაშვილისგან პირდაპირ პასუხს არც ველოდი“ – განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფოს დღეს მმართველობის მკვეთრად ცენტრალიზებული ვერტიკალი მართავს, რაც ერთი ადამიანის პოლიტიკურ გავლენას უკავშირდება.
„საკმარისია, ამ ადამიანმა ღია და საჯარო განცხადება გააკეთოს თავისი პოლიტიკური პერსპექტივის შესახებ და ეს სახელისუფლებო პირამიდა ნგრევას და დაშლას დაიწყებს. ამას სააკაშვილი პოლიტიკური ტექნოლოგიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გააკეთებს, რათა ნაცმოძრაობისა და სახელისუფლებო ვერტიკალის სიმყარეში ბზარი თავად არ შეიტანოს“ – აღნიშნა თარგამაძემ.
ამასთანავე, ის მიიჩნევს, რომ სააკაშვილს მაინც მოუწევს პირდაპირი თუ ირიბი მინიშნებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც სახელმწიფო მდივანმა დააფიქსირა.
გუშინ პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის ერთობლივ ბრიფინგზე უცხოური მედიასაშუალების ჟურნალისტმა მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ–მინისტრობას არ აპირებდა თუ არა.
