რამაზ საყვარელიძე - ჰილარი კლინტონი საქართველოში არჩევნების იდეალურად ჩატარებას არ ელის
რამაზ საყვარელიძე - ჰილარი კლინტონი საქართველოში არჩევნების იდეალურად ჩატარებას არ ელის
14:49 06.06.2012
ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი არ მიიჩნევს, რომ საქართველოში არჩევნები იდეალურად ჩატარდება.
როგორც საყვარელიძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, კლინტონმა არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით ხაზი გაუსვა იმას, რომ ამავე დროს, მას არჩევნების კარგად ჩატარების სურვილი აქვს.
მისი თქმით, სახელმწიფო მდივანი ამას ღიად გვეუბნება.
„არჩევნები დემოკრატიის ინდიკატორია, თუმცა, არასრული. გარდა არჩევნებისა, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა, ბიზნესის თავისუფლება ისევდაისევ დემოკრატიის უფრო სრულყოფისთვის გასაკეთებელი საქმეებია, მაგრამ ყველაფერი არჩევნების დემოკრატიულობიდან იწყება“ - განაცხადა საყვარელიძემ.
რაც შეეხება ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაბარებასთან დაკავშირებით ჰილარი კლინტონის განცხადებას, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამით კლინტონმა განმარტა, რომ ხელისუფლების ძირითადი ფიგურა სააკაშვილია.
„სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა ამ პროცესებში ცენტრალური საკითხია. საპარლამენტო ხელისუფლება შემოდგომაზე იცვლება, მაგრამ მან ძირითადი კვანძი 2013 წლისთვის გადაიტანა“- აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
მან კლინტონის განცხადებებიდან რამდენიმე მთავარი საკითხი გამოყო.
„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა აფხაზებისა და ოსებისთვის ახალი დოკუმენტების შემოღებას. ეს ალბათ მნიშვნელოვანია, ოღონდ იმდენად არა, რამდენადაც ამას მნიშვნელობა თავად კლინტონმა მიანიჭა“- განმარტა საყვარელიძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო ასევე, ის მადლობა, რომელიც კლინტონმა სააკაშვილს რეფორმებისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველების მონაწილეობის გამო გადაუხადა.

ბეჭდვა