ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ საქართველოში პატიმართა მასშტაბური ამნისტიის კანონპროექტი დღეს პარლამენტში სამოქალაქო საზოგადოებისა და პატიმართა ოჯახების წარმომადგენლებს წარუდგინა.
ბაღათურიას მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“ ხულიგნობისთვის, იარაღის უკანონო შენახვისთვის, ნარკოტიკების მოხმარებისთვის და სხვა სახის დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანების ამნისტიას ითვალისწინებს.
„ეს პროექტი ძალიან ფრთხილად არის მომზადებული და ვერც ერთი ოპონენტი ვერ იტყვის, რომ ამ ამნისტიის შედეგად ქვეყანაში კრიმინოგენული ვათარება შესაძლოა დაიძაბოს. არც ერთი მუხლი არ ეხება მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულებს“ – განაცხადა ბაღათურიამ.
დეპუტატის განმარტებით, კანონპროექტში შესულია ის მუხლები, რომლებითაც პატიმრების 60% იხდის სასჯელს. ბაღათურიას ინიციატივა ითვალისწინებს სასჯელის ან გაუქმებას, ან განახევრებას.
„ნარკოტიკების მოხმარება ის დანაშაულია, რომელიც ყველაზე მეტად ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არის გავრცელებული. რაც შეეხება ხულიგნობას, ეს არის ის, რასაც აკაკი ბობოხიძე პარლამენტში წარუმატებლად ცდილობს ხოლმე ჩაიდინოს. ასეთი საქციელისთვის ათასობით ადამიანი იხდის სასჯელს, მაგრამ ბობოხიძე არავის გაუსამართლებია“ – აღნიშნა ბაღათურიამ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კანონპროექტი 2010 წელს არის ინიცირებული, თუმცა, დღემდე არ არის მიღებული.
კანონპროექტი მომდევნო პლენარული სხდომის დღის წესრიგში უნდა შევიდეს. ბაღათურია იმედოვნებს, რომ პროექტი დეპუტატთა მხარდაჭერას მიიღებს.
