ზურაბ აბაშიძე- ამერიკა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას გვირჩევს
ზურაბ აბაშიძე- ამერიკა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას გვირჩევს
13:54 06.06.2012
რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ექსპერტი ზურაბ აბაშიძე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან განცხადებად  მიიჩნევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ რუსეთისადმი მოწოდებას.
როგორც „ნიუსპრესს“ აბაშიძემ განუცხადა, გუშინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო მდივანს შორის შეხვედრაზე საქართველოს განვითარებისთვის აქტუალური თემები განიხილებოდა.
„ვუერთდები ყველა იმ შეფასებას, რაც გაკეთდა პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და მიმომხილველების უმრავლესობის მიერ იმის შესახებ, რომ ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ვიზიტი“ - განაცხადა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია საუბარი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებსა და აფხაზი და ოსი ხალხის სტატუსნეიტრალური დოკუმენტის მიღებაზე.
მისი თქმით, უმნიშვნელოვანებია ამერიკის მხრიდან ამ დოკუმენტის მიღება, რაც აფხაზ და ოს ხალხს ამერიკაში მოგზაურობისა და სწავლის საშუალებას მისცემს.
მისივე თქმით, ასევე, საინტერესო იყო არჩევნების თემასთან დაკავშირებით კლინტონის დამოკიდებულება, რომ აუცილებელია 2012-2013 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის მაღალი ხარისხი და ის, რომ არავის უნდა გაუჩნდეს ეჭვი მისი ხმის დაკარგვაში.
„ამერიკელები, რომელთაც დემოკრატიის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, გვაძლევენ რეკომენდაციას და გვირჩევენ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“ - განაცხადა ყოფილმა ელჩმა და დასძინა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში უნდა ჩატარდეს.

ბეჭდვა