დავითაიას შეფასებით, ნეიტრალური პასპორტებით აშშ–ში გამგზავრება აფხაზებისა და ოსებისთვის ღია ფანჯარაა
დავითაიას შეფასებით, ნეიტრალური პასპორტებით აშშ–ში გამგზავრება აფხაზებისა და ოსებისთვის ღია ფანჯარაა
13:47 06.06.2012
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ნეიტრალური პასპორტებით აშშ–ში გამგზავრების შესაძლებლობა ღია ფანჯრის ფუნქციას შეასრულებს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა პაატა დავითაიამ განუცხადა.
როგორც აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გუშინ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ აშშ–ში ნეიტრალური სტატუსის სამგზავრო დოკუმენტებიით გაემგზავრონ.
„ეს არის ღია ფანჯარა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის, და ეს ღია ფანჯარა საქართველოში გადის. სახელმწიფო მდივნის განცხადება ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა“– განაცხადა დავითაიამ.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ხალხთა შორის ინტეგრაციას და ამასთანავე, სიგნალია იმ ადამიანებისთვის, ვინც რუსეთთან ინტეგრაციაზე ფიქრობს.
დავითაიას განცხადებით, ნეიტრალური პასპორტების მექანიზმი უკვე მოქმედებს და ძალიან ბევრ აფხაზს აღებული აქვს ეს დოკუმენტი.
„ნეიტრალურ პასპორტებს იღებენ ძირითადად სტუდენტები და ის პირები, ვისაც საქართველოში მკურნალობა სურთ“ – აღნიშნა დეპუტატმა.
მან ასევე განაცხადა, რომ აშშ აღიარებს ამ ნეიტრალურ დოკუმენტს, და მსურველები აშშ–ს ვიზის მისაღებად საჭირო ყველა პროცედურას გაივლიან.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ნეიტრალური პასპორტები შესაბამისი მექანიზმების დაცვით გაიცემა.

ბეჭდვა