,,ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ კლინტონმა სააკაშვილის რიტორიკას რამდენიმე ფრაზით წერტილი დაუსვა
,,ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ კლინტონმა სააკაშვილის რიტორიკას რამდენიმე ფრაზით წერტილი დაუსვა
13:01 06.06.2012
კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რიტორიკას რამდენიმე ფრაზით წერტილი დაუსვა.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის თეა წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილის რიტორიკა იმის შესახებ, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს - დასრულდა.
,,კლინტონმა ცალსახად თქვა, რომ რომელიმე მტერი სახელმწიფოს წვრთნები კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის თუ როგორ ჩაატარებს სააკაშვილი ოქტომბრის არჩევნებს. ჩვენ პირდაპირ ვუთხარით ამერიკულ დელეგაციას ის, რომ ოქტომბრის არჩევნები ჩვენი საზოგადოების, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“-განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ეს ის არჩევნებია სადაც, ქართული საზოგადოება დაამტკიცებს, რომ საქართველო ან შედგა როგორც სახელმწიფო, ან ეს ვერ მოახერხა.
წულუკიანის თქმით, ამის დამტკიცება ერთადერთი გზით შეიძლება- მოსახლეობას მიეცეს საშუალება ინფორმირებული და თავისუფალი არჩევანი გააკეთოს.
,,როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ დემოკრატიის მშენებლობა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ის, რომ შიდა საქმეებით უნდა დავკავდეთ და გარემო ფაქტორებში არ ვეძებდეთ იმის მიზეზს თუ, რატომ არ ვვარგივართ ჩვენ“ - აღნიშნა წულუკიანმა.

ბეჭდვა