გრიგოლ ვაშაძე - ამერიკა შეშფოთებულია რუსეთის მომავალი სამხედრო წვრთნებით
გრიგოლ ვაშაძე - ამერიკა შეშფოთებულია რუსეთის მომავალი სამხედრო წვრთნებით
12:49 06.06.2012
ამერიკის შეერთებული შტატები ისევე, როგორც საქართველო შეშფოთებულია შემოდგომაზე რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების „კავკასია 2012“-ის ჩატარებით. ეს  განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ბათუმის აეროპორტში აშშ-ს სახელმწფიო მდივნის ჰილარი კლინტონის გაცილების ცერემონიის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„აშშ, ისევე, როგორც საქართველო, შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი აპირებს სამხედრო წვრთნების ჩატარებას, რომელიც „შემთხვევით“ ჩვენს ქვეყანაში მომავალ საპარლმენტო არჩევნებს ემთხვევა“ - განაცხადა მინისტრმა.

მან დასძინა, რომ რა თქმა უნდა, სახელმწიფო მდივანს არ შეეძლო ამ თემაზე უფრო გამოკვეთილი და დეტალური განცხადების გაკეთება, მაგრამ ვაშაძემ აღნიშნა, რომ უნდა ვერწმუნოთ მას, რომ ამერიკა წვრთნებით შეშფოთებულია.

გუშინ, ბათუმში შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჰილარი კლინტონმა განაცხადა - „კი, რა თქმა უნდა, იქნება სამხედრო ვარჯიშები, მანევრები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის მოვლენები, რაც შემოდგომაზე მოხდება თვითონ საქართველოში... მნიშვნელოვანი არ არის სხვა ხალხის, სხვა ერის სამხედრო ვარჯიშები, მნიშვნელოვანია საქართველოს არჩევნები, ეს უფრო ხმამაღლა იმეტყველებს იმაზე თუ რა ხდება ქვეყანაში“.

რაც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის საკითხს, ვაშაძემ განაცხადა, რომ მართალია სახელმწიფო მდივანმა ძალიან ლაპიდარულად (მოკლედ) ისაუბრა მომავალი სამხედრო თანამშორმლობის დეტალებზე, მაგრამ, მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის ამ კუთხით თანამშრომლობა ნამდვილად გადადის სხვა ეტაპზე.

ბეჭდვა