lefigaro.fr - ბოლო წლებში სააკაშვილის რეპუტაცია შეირყა
lefigaro.fr - ბოლო წლებში სააკაშვილის რეპუტაცია შეირყა
11:59 06.06.2012
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს ხელისუფლებას, საპარლამენტო და საპრეზიდენტო  არჩევნების „თავისუფლად და სამართლიანად“ ჩატარებისთვის დემოკრატიული პროცედურების განმტკიცებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „lefigaro.fr“-ი წერს.
ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შემოდგომის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციონერი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის პირისპირ აღმოჩნდა.
გამოცემა წერს, რომ ივანიშვილი, რომელიც ყველაზე მდიდარი ადამიანია საქართველოში და რომლის ქონებასაც ჟურნალი „ფორბსი“ 4.8 მილიარდ ევროდ აფასებს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოვიდა, მთავრობის მუდმივი ზეწოლის ობიექტია.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მილიარდერი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, მარტში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, საკუთარი ოპოზიციური მოძრაობის უკანონო დაფინანსების გამო 1.25 მლნ ევროთი დააჯარიმეს.
„პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტად მეორე ვადით 2008 წლის იანვარში აირჩიეს მას შემდეგ, რაც 2003 წლის ბოლოს მშვიდობიანი “ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველოს სათავეში 2013 წლამდე უნდა დარჩეს“ - წერს „lefigaro.fr“.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის რეპუტაცია ბოლო წლებში შეირყა, ოპოზიცია მას ავტორიტარულ მიდრეკილებებში ადანაშაულებს.
მასალა მომზადებულია „foreignpress.ge“-ს თარგმანზე დაყრდნობით.

ბეჭდვა