ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და ხაზი
გაუსვა, რომ აშშ ორი ქართული სეპარატისტული რეგიონის რუსულ ოკუპაციას არ იღებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ინფორმაციის თანახმად, ბათუმში სტუმრობისას, კლინტონმა ცხადად თქვა, რომ შეერთებული შტატები, სააკაშვილის ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, რომელიც მომავალ წელს სრულდება, დემოკრატიის განმტკიცებას იმედოვნებს.
Reuters მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კლინტონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებსა და ანტი-კორუფციულ ძალისხმევას, აშშ-ს ოფიაციალურ პირებს სააკაშვილის დომინირება აშინებთ. ეს დომინირება სხვა ლიდერებისთვის ოქტომბრის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ასპარეზზე გამოსვლას ართულებს.
მისი ინფორმაციით, ვაშინგტონელ მაღალჩინოსნებს აშფოთებს ის, რომ 44 წლის სააკაშვილმა შეიძლება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიბაძოს და ძალაუფლების შესანარჩუნებლად პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს.
„სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარმა ჩინოვნიკმა სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, მაგრამ თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა ქართველ პოლიტიკოსებს არაერთხელ, ხაზგასმით უთხრა – „შემდეგი გადაცემა უნდა ჭეშმარიტი იყოს“ - წერს Reuters-ი.
სტატიის თანახმად, ოპონენტები სააკაშვილს თავისუფლებათა ალაგმვაში და 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის გამო სდებენ ბრალს, როდესაც რუსეთმა ქართული ჯარი ხუთ დღეში დაამარცხა. მოსკოვმა მალე აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და სეპარატისტულ რეგიონებში კონტინგენტს ინარჩუნებს.
„რუსეთის მიერ ამ ორი ტერიტორიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებამ სააკაშვილის ოცნებას ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს ჩრდილი მიაყენა, რადგან მათ მოსკოვთან დავაში მყოფი წევრის მიღება შეიძლება არ მოინდომონ“ - ნათქვამია სტატიაში.
მისი ინფორმაციით, თავის სამდღიანი მოგზაურობისას სამხრეთ კავკასიაში, კლინტონი ოპოზიციის ხუთ წევრს იმის საილუსტრაციოდ შეხვდა, რომ აშშ-ს კონკურენტული არჩევნები სურს.
„მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი შეხვედრას არ ესწრებოდა, თუმცა მისი „ქართული ოცნების“ ბლოკი იყო წარმოდგენილი, რომელმაც პირობა დადო, რომ სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაამარცხებს“ - წერს სააგენტო.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს მაღალი რანგის ვიზიტი ბათუმში, აყვავებულ ზღვისპირა ქალაქში, სადაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები შენდება და უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატი, დონალდ ტრამპი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს, ნაწილობრივ მიზნად ისახავდა იმას, რომ იზოლირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შედარებით კონტრასტისთვის ხაზი გაესვა.
მასალა მომზადებულია „foreignpress.ge“-ს თარგმანზე დაყრდნობით.
