ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას აფხაზი და ოსი ხალხისთვის ნეიტრალური სტატუსის
მქონე სამგზავრო დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებით, ენთუზიაზმით ნათქვამს უწოდებს.
როგორც არეშიძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, კლინტონის ეს განცხადება „მსმენელის გარეშე“ იყო, რადგან აფხაზურ და სამხრეთ ოსურ მხარეს ნეიტრალური პასპორტების აღებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ უაქტიურია.
თუმცა, ექსპერტი იმედოვნებს, რომ კლინტონის ეს განცხადება აფხაზ და ოს ხალხში ენთუზიაზმს გააღვივებს და შესაძლოა, დოკუმენტი ვინმემ აიღოს. აქვე, ის განმარტავს, რომ ამ დოკუმენტის მასიურ აღებას არ ელის.
„ეს პროექტი დაახლოებით 2 წელია მუშავდება. დასავლელი პარტნიორების მითითებების გათვალისწინებით, ის საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა იყო. რამდენიმე ქვეყანამ - ბალტიისპირეთმა, ჩეხეთმა და იაპონიამ ამაზე თანხმობა უკვე განაცხადეს“ - განაცხადა არეშიძემ.
მისი თქმით, პირდაპირი ურთიერთობებისთვის თავდაპირველად გარკვეული სიტუაციის შექმნაა საჭირო, რაც ჩვენ შორის არ არსებობს.
„პირდაპირი ურთიერთობების კონტექსტში, შესაძლოა, მათი ამ საკითხითაც დაინტერესება. ახლა ჩვენ ერთმანეთის მიმართ მტრულ განწყობაში ვართ. პრინციპში, ჩვენს შორის არანაირი ფორმატი აღარ მუშაობს. ჟენევის მოლაპარაკების ფორმატიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა“ - განაცხადა არეშიძემ და აღნიშნა, რომ ჯერ ურთიერთობის მოწესრიგებაა საჭირო, შემდეგ კი, პარალელური ფორმატების შექმნა, რაშიც მსგავსი დოკუმენტების მიღება შედის.
„ჩვენ, რომ გარკვეული ნაბიჯი გადაგვედგა და მათი პასპორტები საქართველოს ტერიტორიაზე შიდა მოხმარებისთვის მაინც გამოგვეყენებინა, ეს შეიძლება გარკვეული ნაბიჯი ყოფილიყო იმისთვის, რომ ნეიტრალური პასპორტებით დაინტერესებულიყვნენ“ - აღნიშნა არეშიძემ.
ექსპერტმა, ასევე, განმარტა, რომ ვიდრე ურთიერთობა არ დალაგდება, ამ პასპორტების აღების იმედი ნაკლებია.
როგორც ცნობილია, ჰილარი კლინტონმა გუშინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, აფხაზი და ოსი ხალხისთვის აშშ-ს საელჩო და საკონსულოები ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტებს მიიღებენ. კლინტონის თქმით, ამ დოკუმენტით მათ აშშ-ში სწავლის ან მოგზაურობის საშუალება ექნებათ.
