ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ უცხოური მედიაც წერს
ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ უცხოური მედიაც წერს
11:28 06.06.2012
საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტისა და შეხვედრების შესახებ უცხოური მედიაც წერს.

„ვოშინგტონ პოსტი“ იუწყება, რომ სამშაბათს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა და სოლიდარობა გამოხატა ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ, რომელიც გამოყოფილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების დაბრუნებას იმედოვებს.

„სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ დახმარება უკვე მოიცავს 16.6 მილიონი დოლარის პაკეტს, რომელშიც შედის სარადარო წრთვნა სანაპირო და საჰაერო თავდაცვისთვის, საქართველოს ვერტმფრენთა პარკის მოდერნიზებას იმისთვის, რომ შეძლოს სამხედროების და ტვირთის ტრანსპორტირება, ასევე ოფიცრების წრთვნას საკუთარი თავდაცვის უნარებისა და ნატოს მისიებში მოქმედების გაუმჯობესებისთვის“ - ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა ყურადღებას კლინტონის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ „იგი არ შეხვდა ოპოზიცონერ მილიარდერ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც Associated Press-ს სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, რომ ის არ შეხვდება კლინტონს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ჯაშუშებთან“ ერთად“ - წერს “ვოშინგტონ პოსტი“.

გამოცემის ინფორმაციით, ერთი საკითხი, რომელიც კლინტონმა პირდაპირ საკუთარ თავზე არ აიღო, სააკაშვილის პერსონალური მომავალია, მიუხედავად იმისა, რომ მან გააკეთა მოწოდება იმის თაობაზე, რომ ამ წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევენები ქვეყნის დემოკრატიული პროგრესის „გადამწყვეტი ინდიკატორი“ იქნება.

„სააკაშვილის მეორე ვადა ერთ წელიწადში იწურება. მაგრამ ოპონენტები შიშობენ, რომ ის გამოიყენებს კონსტიტუციურ რეფორმებს კულუარული გავლენისთვის, როგორც ეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისი ოთხწლიანი პრემიერობის პერიოდში გააკეთა. კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ სააკაშვილს, რომელიც ცდილობს მისი ქვეყნის წაყვანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ და რომელსაც ეკონომიკური და ანტიკორუფციული წარმატებებისთვის აქებენ, იმავდროულად მისი ოპონენტები მედიის თავისუფლების ჩახშობასა და ოპოზიციის შეზღუდვაში ადანაშაულებენ. ის უარყოფს საქართველოს დემოკრატიული მიღწევების ნგრევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ძალისხმევას“ - ნათქვამია სტატიაში.

მასალა მომზადებულია foreignpress.ge-ს თარგმანზე დაყრდნობით.

ბეჭდვა