საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის მიერ ქართველ ხალხთან მეგობრობის შესახებ გაჟღერებულ გზავნილს ეხმაურება.
როგორც საგარეო სქამეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, 2012 წლის 22 თებერვალს რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო შენაერთების მეთაურებთან შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა კვლავ გააჟღერა უცნაური გზავნილი ქართველ ხალხთან მეგობრობის სურვილის შესახებ.
"სიმბოლურია, რომ მან ქართველ ხალხთან მეგობრობაზე და მისდამი სიყვარულზე ისაუბრა სწორედ იმ სამხედრო მეთაურებთან, რომელთა შენაერთებიც მისივე ბრძანებით სასტიკად უსწორდებოდნენ ქართულ მოსახლეობას" - ნათქვამია განცხადებაში
საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოში მცხოვრებმა ათასობით ოჯახმა ახლობლები რუსეთის მიერ განხორციელებული მრავალრიცხოვანი სამხედრო აგრესიისა და მრავალჯერადი ეთნიკური წმენდის შედეგად დაკარგა.
"ძნელი წარმოსადგენია ვის გულისხმობს ბატონი პუტინი ქართველ ხალხში. მას ძალიან უცნაური მეთოდები აქვს ქართველი ხალხისადმი სიყვარულის გამოსახატავად" - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო შენაერთების მეთაურებთან შეხვედრაზე ქართველი ხალხის მისამართით განცხადება გააკეთა. "ვიმედოვნებ ჩვენი მოძმე ერი საბოლოოდ გააცნობიერებს, რომ რუსეთი არის არა მტერი არამედ მისი მეგობარი" - აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, ის ქართველ ერს საქართველოს ხელისუფლებასთან არასოდეს გააიგივებს.
