ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შეფასებით, საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლის განმავლობაში, საქართველომ ბევრი ცვლილება განიცადა და დახურული კომუნისტური სახელმწიფოდან ღია, აქტიური პარტნიორობის ქვეყნად გადაიქცა.
როგორც კლინტონმა დღეს ბათუმში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბევრი ქვეყანა საქართველოს იმედის თვალით უყურებს, განსაკუთრებით ახალი დემოკრატიის ქვეყნები.
„მათ სურთ გაიგონ, როგორ მიაღწია საქართველომ წარმატებას ასე მოკლე პერიოდში. მოუთმენლად ველოდები რა მოხდება შემდეგი ოცი წლის განმავლობაში“- განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
მან საქართველოსა და ამერიკას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით გასულ კვირაში დიალოგი დაიწყო.
„ჯგუფი გამოიკვლევს სხვადასხვა მექანიზმებს, რათა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ სავაჭრო ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. არის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესაძლებლობა“ - განაცხადა მან.
