მინდია გულუა ხელისუფლებისგან ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების დაცვაზე გათვლილი პოლიტიკის განხორციელებას ითხოვს
მინდია გულუა ხელისუფლებისგან ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების დაცვაზე გათვლილი პოლიტიკის განხორციელებას ითხოვს
20:26 05.06.2012
პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა ხელისუფლებისგან ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების დაცვაზე გათვლილი პოლიტიკის განხორციელებას ითხოვს.  ამის შესახებ მინდია გულუას განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება შეერთებული შტატების, როგორც სტრატეგიული პარტნიორისადმი, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მხოლოდ მადლობის გადახდით არ უნდა შემოიფარგლოს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს პოლიტიკა ერთიან საარსებო გარემოსა და სახელმწიფოებრივ სივრცეში აფხაზი და ოსი მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესების დაცვასა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვას გულისხმობს.
„დღეს საქართველოში არსებული უამრავი პრობლემის მიუხედავად, რეალურად არსებობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების გზა და საქართველოს გაერთიანების საშუალება. ჩვენ თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას დღემდე არ ვაწერთ ხელს, რომლის გარანტორები, ჩემი აზრით, ევროკავშირი, აშშ და რუსეთი უნდა იყვნენ“ - ნათქვამია განცხადებაში.
მინდია გულუას წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება იარაღით შეძლოს.
„ეს შეუძლებელია, რადგან საქართველოს ხელისუფლება იმავე დღეს დაემხობა, რუსეთის ტანკები თავისი არმიით თბილისში შევლენ და ყველა დაინახავს, თუ როგორ გაიქცევიან სააკაშვილის მთავრობის წევრები სხვადასხვა აეროპორტებსა და ქვეყნებში. ეს ერთხელ უკვე მოხდა“ - აცხადებს მინდია გულუა.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. მან ასევე, აღნიშნა, რომ აშშ კონფლიქტების მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით დარეგულირების მომხრეა. ამასთანავე სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტებში მონაწილე მხარეებს შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობასაც.

ბეჭდვა