საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორობა საერთო ღირებულებებს და პრინციპებს, თავისუფლების სიყვარულს ეფუძნება.
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოში ჰილარი კლინტონის დღევანდელი ვიზიტი და შეხვედრები სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
„დღევანდელი მოლაპარაკებები გაგრძელებაა პრეზიდენტ ობამასთან გამართული შეხვედრისა, რომელიც იანვარში გაიმართა, ამან ყველაფერმა საშუალება მოგვცა პროგრესისთვის მიგვეღწია ყველა იმ ძირითადი მიმართულებით, რაც მაშინ დაისახა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო და ამერიკა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობენ, რაც სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და დღევანდელი ღონისძიება სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად, საქართველოს პროგრესის აღიარება იყო.
„ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი რეალურია, კონკრეტულია და აშშ მხარს უჭერს ამ ყველაფერს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, იგი მიესალმება სავაჭრო თანამშრომლობას, რათა საქართველოს დემოკრატიული რეფორმების შეუქცევადობა კიდევ უფრო განმტკიცდეს.
პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პოლიტიკისადმი, ასევე ხალხებს შორის ურთიერთობისადმი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის პოლიტიკისადმი, ძალიან მნიშვნელოვანია.
„იანვარში პრეზიდენტმა ობამამ ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივაზე ისაუბრა. მე მივესალმები მაღალი დონის დიალოგს, რომელიც დაიწყო და რომელიც ჩვენ მოგცემს შესაძლებლობას დასახულ მიზნებს მივაღწიოთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ჰილარი კლინტონს პირადად მისი მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველომ სწორედ ამ მხარდაჭერით მიაღწია რამდენიმე მიმართულებით წარმატებას.
მისი თქმით, ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში საქართველო შეხვედრებზე სამი ბალკანური ქვეყნის ჯგუფში იყო, რომლებიც ნატო-ს ასპირანტები არიან, რაც წინ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა.
„ასევე იმ სიტყვებმა, რომელიც თქვენ ამ შეხვედრაზე გაფართოების პერსპექტივასთან დაკავშირებით წარმოთქვით, ყველას დაანახა, რომ საქართველო უფრო ახლოს არის მის ევროატლანტიკურ მისწრაფებასთან, ვიდრე მანამდე. შესაბამისად, თქვენი სიტყვები ჩიკაგოში ჩემი ყურისთვის მალამოსავით იყო. ჩვენ გვჭირდება ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გავაგრძელოთ რეფორმების განხორციელება და შესაბამისად, ვაჩვენოთ ჩვენი ერთგულება მოკავშირეებს“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, იგი ღრმადაა დარწმუნებული, რომ აღნიშნულ ორივე საკითხში საქართველომ წარმატებას კლინტონის მხარდაჭერის წყალობით მიაღწია.
