ჰილარი კლინტონი - ჩვენ ვაფასებთ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გამბედაობასა და თავდადებას
ჰილარი კლინტონი - ჩვენ ვაფასებთ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გამბედაობასა და თავდადებას
18:47 05.06.2012
აშშ აფასებს საქართველოს წვლილს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში.

ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დღეს ბათუმში,  საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კლინტონის თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი ISAF-ის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს შეეხო, რომელიც მოიცავს დაპირებას, მხარი დაუჭირონ ავღანეთის უსაფრთხოებას 2014 წლის გარდამავალი პერიოდის შემდეგ.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, საქართველოს სამხედრო ძალები, ამერიკის ჯარებთან ერთად, ავღანეთში მამაცურად იბრძვიან.

„ჩვენ ვაფასებთ მათ გამბედაობას და თავდადებას“-განაცხადა კლინტონმა და დასძინა, რომ საქართველოს, მისი მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ავღანეთის ოპერაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებითვე, საქართველოსთან თავდაცვის შესახებ თანამშრომლობის რამდენიმე საკითხზე შეთანხმება მოხდა. აშშ ტრენინგს უტარებს საქართველოს თავდაცვის ძალებს, რათა მათ სანაპირო ზოლისა და საჰაერო სივრცის მონიტორინგი უკეთ განახორციელონ. ამასთან, აშშ საქართველოში ვერტმფრენების ფლოტის მოდერნიზაციასაც განახორციელებს.

„ამ ძალისხმევის შედეგად საქართველო უფრო ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი იქნება, გაუმჯობესებული თავდაცვითი შესაძლებლობებით“-განაცხადა კლინტონმა და აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატება, უმეტესწილად, მისი დემოკრატიის ხარისხზე იქნება დამოკიდებული.

ბეჭდვა