აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საშუალება მიეცა დაბრუნებულიყო საქართველოში და თავისი თვალით ენახა
თუ როგორ განვითარდა ბათუმი.
„ჩემთვის სასიამოვნოა დაბრუნება საქართველოში, შავ ზღვაზე. ადრე თბილისში ვნახე სურათები, პოსტერები იმის შესახებ თუ რა ხდება ბათუმში“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ კმაყოფილია, რადგან აქვს საშუალება დღეს საკუთარი თვალით იხილოს ეს ქალაქი.
სახელმწიფო მდივანმა საქართველო-ამერიკის პარტნიორობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს ურთიერთობა ასახავს ენერგიას, მეწარმეობას და დინამიზმს ქართველი და ამერიკელი ხალხისა და საზოგადოებებისა. მისი თქმით, კარგია, რომ ამ ურთიერთობას შედეგები მოაქვს, რისი დასტურიც, მისივე თქმით, არსებული პროგრესია.
როგორც კლინტონმა განაცხადა, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის მესამე პლენარულ სესიაზე საუბარი გაიმართა მშვიდობის, უსაფრთხოების, გლობალური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და დემოკრატიული ღირებულების გაღრმავების აუცილებლობის საკითხებზე.
მისი თქმით, სესიაზე შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ორი ქვეყნის მეცნიერულ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, სესიაზე განიხილებოდა მილენიუმის გამოწვევის კორპორაციის მეორე შეთანხმებაზე გადასვლის საკითხიც.
მისი თქმით, საქართველოში თავდაცვის რეფორმა და სისტემის მოდერნიზება ერთობლივ პრიორიტეტთაგანია.
„დღეს დავესწარი ჩვენი სანაპირო დაცვის კატარღის გადაცემის ცერემონიას. ეს კატარღა გავარემონტეთ საქართველოსთვის, რათა მან თავი დაიცვას ტერორიზმის, ნარკოტიკებისა და ტრეფიკინგის საფრთხეებისგან“ - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
