საქართველოს ხელისუფლებას აქვს მტკიცე ნება მიმდინარე წელს, ოქტომბერში ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხის დემოკრატიისადმი მხარდაჭერა ურყევია, იგი „ვარდების რევოლუციის“ დროს გამოიხატა და დღესაც იგრძნობა.
„ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები ქართველი ერის თავისუფალ ნებას წარმოაჩენს. მივესალმები თქვენს სწრაფ გამოხმაურებას ჩვენს მოთხოვნაზე არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების გამოგზავნასთან დაკავშირებით“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან მადლიერება გამოხატა აშშ-ს მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„დღეს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც სწრაფად ვითარდება ევროკავშირისა და ნატოსკენ და ეს უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის ნების, სიმამაცის დამსახურებაა, მაგრამ აშშ-ს მხარდაჭერა მთელი ამ 20 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამას და სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მხარდაჭერა ბოლო პერიოდში იყო ფუნდამენტალური ფაქტორი ჩვენი გადარჩენისა და წარმატებისთვის“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამერიკის ასეთმა პოლიტიკამ საშუალება მისცა ქართულ დემოკრატიას უდიდესი დაბრკოლებები გადაელახა და შთამბეჭდავი შედეგებისთვის მიეღწია.
