მინდია გულუას დევნილები უპირისპირდებიან
მინდია გულუას დევნილები უპირისპირდებიან
16:44 05.06.2012
პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მთავარ პოლიტიკურ მრჩეველს მინდია გულუას დევნილთა ნაწილი უპირისპირდება და უნდობლობას უცხადებს.
როგორც "ნიუსპრესთან" საუბარში აფხაზეთიდან დევნილმა, ჟურნალისტმა ნინო შონიამ განაცხადა, ინფორმაცია იმის შესახებ რომ შეიქმნა ფონდი, სადაც მინდია გულუამ ათეულობით მილიონი გადარიცხა, არასწორია.
მისივე თქმით დევნილებს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის მინდია გულუასაგან რაიმე სახის დახმარება არც ფონდის შექმნის განცხადებამდე მიუღიათ.
"ამ ადამიანის მხრიდან აბსოლუტურად არსად არ გამიგია ისეთი რამ, რომ ეს კაცი გვერდით დაგვიდგა ან მოგვხედა. მინდია გულუას მოღვაწეობა უკვე ძალიან სერიოზულ ეჭვებს იწვევს, ეჭვების წარმოქმნის პროცესი თვით დევნილებშიც დაიწყო" _ აღნიშნა ნინო შონიამ.
ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ მინდია გულუას მეშვეობით ხელისუფლება რაიმე ფორმით დევნილთა ხმების დასაკუთრებას ცდილობდეს.
პარტიამ "განახლებული საქართველოსთვის" 12 მაისს რუსთაველის პროსპექტზე გამართულ დევნილთა შეკრებაზე განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად იქმნება ფონდი, რომელშიც მინდია გულუა 25 მლნ აშშ დოლარს შეიტანს. ასევე, პარტიის პრესსამსახურის მიერ 1 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფონდი ფუნქციონირებას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

ბეჭდვა