„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ჰილარი კლინტონს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გააცნეს
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ჰილარი კლინტონს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გააცნეს
15:18 05.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე კოალიცია ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე კოალიციის წარმომადგენლებმა მანანა კობახიძემ, დავით უსუფაშვილმა და თეა წულუკიანმა ჰილარი კლინტონს საქართველოში არსებული მდგომარეობა გააცნეს.
შეხვედრის შემდეგ კოალიციის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფო მდივანი ქვეყანაში დემოკრატიის მხრივ შექმნილი პრობლემების შესახებ კარგად იყო ინფორმირებული.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მანანა კობახიძის განცხადებით, ჰილარი კლინტონი კარგადაა ინფორმირებული საქართველოში მედიის თავისუფლების არარსებობის შესახებაც.
„ჰილარი კლინტონი კარგადაა ინფორმირებული, რომ სახელისუფლებო სატელევიზიო არხებზე რეალურად „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა მიმდინარეობს და იმით, რომ კონტროლის პალატა აშკარა უკანონო ქმედებებს ახორციელებს, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ და იმ პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებიც კოალიციაში შედიან“ - განმარტა კობახიძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს იმას, რომ საქართველოსთვის ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა და რომ ხელისუფლებამ არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩასატარებლად ყველა ზომას უნდა მიმართოს.
კობახიძის ინფორმაციით, ჰილარი კლინტონმა ოპოზიციას სამართლიან და კონკურენტულ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის საკითხში მხარდაჭერა აღუთქვა.


ბეჭდვა