„სახალხო კრება“ დევნილი სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის გაუქმებას მოითხოვს
„სახალხო კრება“ დევნილი სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის გაუქმებას მოითხოვს
14:20 05.06.2012
„სახალხო კრების“ დევნილთა კომიტეტი დევნილი სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის გაუქმებას მოითხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კრების წევრმა, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ სათათბიროს წარმომადგენელმა მამუკა აჩბამ განაცხადა, რამდენიმე დღის წინ, დევნილთა სამინისტროს შენობასთან დამოუკიდებელ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.
მისი ინფორმაციით, სტუდენტებმა დევნილების როგორც საცხოვრებელი, ისე, დევნილი სტუდენტების უმძიმესი პირობები გააპროტესტეს და მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.
„ქვეყანაში ცხოვრობს ასიათასობით დევნილი, რომელთა სოციალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, დაუცველია ადამიანის უფლება - მიიღოს განათლება, დევნილთა და განსახლების სამინისტრო არაფერს აკეთებს დევნილი სტუდენტებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ გადაიხადონ უსაშველოდ გაზრდილი სწავლის გადასახადები“- განაცხადა აჩბამ და აღნიშნა, რომ თანხები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოდის საქართველოში, არაგამჭვირვალედ და სავარაუდოდ, არამიზნობრივად იხარჯება.
მისივე განმარტებით, აღნიშნული თანხების არამიზნობრივად ხარჯვა პოლიტიკური ნიშნით გამოყოფილი რამდენიმე სტუდენტის დაფინანსებაში გამოიხატება.
„სახალხო კრებაში“ მიაჩნიათ, რომ დევნილთა სამინისტრო დევნილთა ინტერესებს უნდა გამოხატავდესდა მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს.
მისივე თქმით, სამინისტრომ დევნილ სტუდენტებს უნდა მოუხსნას სწავლის გადასახადები, ან უკიდურეს შემთხვევაში, შეღავათი გაუწიოს და 28 ლარიანი დახმარება საარსებო მინიმუმს გაუტოლდეს.
აჩბას განმარტებით, ამით დევნილებს განათლების მიღებისა და არსებობის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები დაუბრუნდებათ.

ბეჭდვა