უახლოეს მომავალში პრეზიდენტი განათლების სფეროში ახალ ინიციატივებს დაასახელებს
უახლოეს მომავალში პრეზიდენტი განათლების სფეროში ახალ ინიციატივებს დაასახელებს
13:19 05.06.2012
საქართველოში ეროვნული გამოცდები 28 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზად არის გამოცდების შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ჩასატარებლად.
მისი თქმით, საგამოცდო პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის სრულ მზადყოფნაშია გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა, საგნობრივი ექსპერტები და ისინი, ვინც გამოცდების ჩატარებაში მონაწილეობენ.
პრესსპიკერის ინფორმაციით, ამ მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა, რომელსაც დიმიტრი შაშკინი ხელმძღვანელობს.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტური დავალებები ინგლისში დაიბეჭდება და საგამოცდო დოკუმენტაცია საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით სპეციალურ საცავებში განთავსდება.
„2012 წლის გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, ეს ეხება მეორადი ჩარიცხვების გაუქმებას და 7-ის ნაცვლად აბიტურიენტებს 20 სასურველი ფაკულტეტის არჩევის შესაძლებლობა მიეცათ“-განაცხადა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ ამით გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადება დაჩქარდება და სექტემბრის ნაცვლად, შედეგები აგვისტოს ბოლომდე გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, ამდენად 2012 წელი აბიტურიენტებისთვის და მათი მშობლებისთვის ნაკლებად სტრესული იქნება.
პრესსპიკერის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პრეზიდენტი გეგმავს რამდენიმე ახალი ინიციატივა დაასახელოს განათლების სფეროში, რომელიც რეფორმების გაგრძელებასა და დახვეწას უკავშირდება.

ბეჭდვა