გია ხუხაშვილი - კლინტონის ვიზიტის ფარგლებში შესაძლოა, სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაზე გარკვეული რევიზია ჩატარდეს
გია ხუხაშვილი - კლინტონის ვიზიტის ფარგლებში შესაძლოა, სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაზე გარკვეული რევიზია ჩატარდეს
13:06 05.06.2012
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი ამერიკის შეერთებული სტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტს ქვეყნის მხარდაჭერად აფასებს.
როგორც ხუხაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მსგავსი ტიპის ვიზიტები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, ვიზიტს აქვს გარკვეული ნორმები და აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, თუმცა, ამავე დროს, ის კლინტონის ვიზიტით საქართველოში განსაკუთრებულ წინსვლას არ ელოდება.
„თამაშის წესები ასეთი იქნება - სახელისუფლებო მედია პოზიტივზე გაამახვილებს ყურადღებას, ოპოზიცია კრიტიკაზე და უახლოესი სამი დღის განმავლობაში საინფორმაციო ხმალაობას ექნება ადგილი“-აღნიშნა ხუხაშვილმა.
ექსპერტი იმედოვნებს, რომ ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა გაგრძელდება და ქართულ სახელმწიფოებრიობას უკუსვლის საფრთხე არ დაემუქრება.
„განსაკუთრებულ წინსვლასაც არ ველი იქიდან გამომდინარე, რომ შუალედური ფინიში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება და, ბუნებრივია, რომ არჩევნებამდე შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ დიდი ავანსები არ გაიცემა“ - განმარტა გია ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, კლინტონის ვიზიტის დროს შესაძლოა, სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაზე გარკვეული რევიზია ჩატარდეს.
„როდესაც ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაზე ვსაუბრობთ, მასში მხოლოდ უფლებები არ იგულისხმება, რაზეც ხელისუფლება მუდმივად აპელირებს. აქ არის ვალდებულებები, რომელთა უდიდესი ნაწილი საქართველოს ხელისუფლემის მიერ არ არის შესრულებული. ხელისუფლება კონტრაქტის პირობებს არღვევს და ამაზე კრიტიკა იქნება“-განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე განმარტებით, ამ კრიტიკას კლინტონი პირისპირ შეხვედრის ფორმატში გამოხატავს, მაგრამ გარკვეული მინიშნებები ბრიფინგზეც გაკეთდება.
ხუხაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს გზავნილი ოქტომბრის არჩევნების კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებითაც დაფიქსირდება.

ბეჭდვა