კლინტონი - აუცილებელია კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა კონფლიქტში მონაწილე ხალხებს შორის დაძაბულობის შესამცირებლად
კლინტონი - აუცილებელია კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა კონფლიქტში მონაწილე ხალხებს შორის დაძაბულობის შესამცირებლად
12:10 05.06.2012
ამერიკა-საქართველოს ხალხებს შორის ურთიერთობების, როგორც ქვეყნების სიძლიერის ყველაზე დიდ წყაროზე გააკეთა  აქცენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ სიტყვით გამოსვლისას.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ხალხთა შორის ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.

მისი თქმით, აშშ-მ საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების გასამარტივებლად ზომები მიიღო და დღეისთვის, აშშ-ს საელჩოს მეშვეობით, ამერიკა ათასობით მასწავლებელს და სტუდენტს ეხმარება ინგლისური ენა შეერთებულ შტატებში შეისწავლოს.

„შუადღეს გამოვაცხადებ ეტაპებს, რათა სეპარატისტული რეგიონების სოფლების მაცხოვრებლებს შეერთებულ შტატებში გამგზავრება გაუადვილდეთ. ჩვენ ამას წინგადადგმულ ნაბიჯს ვუწოდებთ, რათა მივაღწიოთ საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან და სამართლიან მოგვარებას“ - განაცხადა კლინტონმა და აღნიშნა, რომ ეს შეერთებული შტატებისთვის კვლავ პრიორიტეტულია.

მისი განცხადებით, აუცილებელია კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა კონფლიქტში მონაწილე ხალხებს შორის დაძაბულობის შესამცირებლად, ნდობის ასამაღლებლად და ურთიერთობა-კონტაქტების აღსადგენად. „ეს, დროთა განმავლობაში, სიტუაციის ტრანსფორმაციაში დაგვეხმარება. ჩვენ ვმუშაობთ ხალხთა შორის ურთიერთობებისა და კავშირების აღსადგენად“ - განაცხადა მან.

სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ ერთგული რჩება და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

მისივე თქმით, ამერიკა უარყოფს რუსეთის ოკუპაციას და მილიტარიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე და რუსეთს მოუწოდებს - 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ. „ამაში შედის ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარების შეტანის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

კლინტონის განცხადებით, წელს საქართველო და ამერიკა დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავს აღნიშნავენ. მისი თქმით, ამერიკა ხედავს თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ ამ წლების განმავლობაში ამერიკასთან ერთად.

კლინტონის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ძალიან ბევრი მიზეზი აქვს ოპტიმისტურად იყოს განწყობილი იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიტანს მომავალი.

„მოდით დავიმახსოვროთ რისთვის ვიღწვით. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნის ხალხებისთვის და იმ თაობებისთვის ვინც მომავალში უსაფრთხოებას ააშენებს“ - განაცხადა სახელმწიფოს მდივანმა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი კეთილდღეობაზე, თავისუფლებასა და მშვიდობაზე იქნება დაფუძნებული.

ბეჭდვა