გილაურის შეფასებით, საქართველოს-აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება
გილაურის შეფასებით, საქართველოს-აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება
11:57 05.06.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის შეფასებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება.  ამის შესახებ მან დღეს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში მესამე პლენარული სხდომის გახსნაზე განაცხადა.
„ჩვენ მივესალმებით აშშ-სა და საქართველოს შორის მაღალი დონის დიალოგის დაწყებას ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციების გაზრდისა და სამომავლოდ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების კუთხით. გვჯერა, რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებას უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება“ - განაცხადა გილაურმა.
მისი თქმით, საქართველო აფასებს აშშ-სა და სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის წვლილს საქართველოს, როგორც რეგიონში დემოკრატიული ტრანსფორმაციის და ეკონომიკური რეფორმების სანიმუშო ქვეყნად ჩამოყალიბების მხარდაჭერაში.
„ქარტიის ფარგლებში ჩვენი ორმხრივის მუშაობა მნიშვნლოვანი ხელშეწყობაა იმ თვალსაჩინო პროგრესისა, რომელსაც მივაღწიეთ ინსტიტუციური მშენებლობის, კორუფციის აღმოფხვრის და გამჭირვალობის უზრუნველყოფის პროცესში“ - განაცხადა მან.
მისივე განცხადებით, პრიორიტეტულია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა, რაც მოიცავს დახმარებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით და მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.

ბეჭდვა