ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შეფასებით, საქართველოში განხორციელებული რეფორმები მის ეკონომიკურ ზრდას დაეხმარება.
როგორც ჰილარი კლინტონმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში მესამე პლენარული სხდომის გახსნისას განაცხადა, საქართველოს რეფორმებმა გლობალური ბიზნესის თვალსაზრისით საერთაშორისო მოწონება დაიმსახურეს.
მისი თქმით, საქართველომ ჩვეულებები და პრაქტიკა უნდა ჩამოაყალიბოს, რომელითაც დროთა განმავლობაში დემოკრატიას შეინარჩუნებს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არა მარტო წარმატებული არჩევნები იყოს, არამედ არჩევნების შემდეგაც დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძვლები გაძლიერდეს, როგორიცაა შრომითი უფლებები, სასამართლო დამოუკიდებლობა, მასმედიის დამოუკიდებლობა და წვდომა“ - აღნიშნა კლინტონმა.
მისივე განმარტებით, ამ რეფორმებს გავლენა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხითაც ექნება.
„საქართველო აგრძელებს ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის გაძლიერებას. ეს უფრო დიდ ინტერესში და მისი ეკონომიკის განვითარებაში აისახება“ - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.
სახელმწიფო მდივანმა ასევე, განაცხადა, რომ აშშ ამ რთულ პერიოდში საქართველოს პარტნიორობით ამაყობს.
„ჩვენ გვსურს რომ დავეხმაროთ საქართველოს გააძლიეროს, გაზარდოს ეკონომიკური შესაძლებლობები, საშუალებები ხალხისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, უმცირესობებისთვის და იმათთვის, ვინც ეკონომიკური პროგრესისგან მივიწყებულები არიან“ - აღნიშნა კლინტონმა.
მისივე თქმით, აშშ-ს სურს საქართველოს განვითარებისთვის ინოვაციური გზების პოვნაში დაეხმაროს.
