ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე სამხედრო ძალების სიდიდით საქართველო ნატო-ს მეორე არაწევრი ქვეყანაა, მალე კი - არაწევრი პირველი კონტრიბუტორი გახდება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გამართულ მესამე პლენარული სხდომაზე განაცხადა.
მან აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო მადლიერია შეერთებული შტატების მიერ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთილიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განვითარებაში, რაც გამოიხატება იმაში, რომ ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე სამხედრო ძალების სიდიდით ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა ვართ, მალე კი ნატო-ს არაწევრი პირველი კონტრიბუტორი ქვეყანა გავხდებით“- განაცხადა გილაურმა და იმედი გამოთქვა, რომ იმ ვითარებაში, როცა საქართველოს ტერიტორიის 20% ჩრდილოელი მეზობლის უკანონო სამხედრო ოკუპაციის ქვეშ რჩება, საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაზოგავს ძალებს მშვიდობიანი გზით სამართლიანობის აღდგენის მხარდაჭერისთვის.
მისივე თქმით, განსაკუთრებით დასაფასებელია ქარტიის სამუშაო ჯგუფებში მიღწეული ის პრაქტიკული შედეგები, რომლებიც ორიენტიურებულია მოქალაქეთა კეთილდღეობაზე და ორი ქვეყნის ერებს აახლოებს.
„ამ მხრივ განსაკუთრებით დასაფასებელია აშშ-ს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთა რამდენიმე კატეგორიისთვის ვიზების ხანგრძლივობის გაზრდასთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა და ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები გადაიდგმევა უახლოეს მომავალში“- აღნიშნა გილაურმა.
მისივე თქმით, აშშ-ს როლი უაღრესად მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისთვის.
როგორც გილაურმა აღნიშნა, აშშ-ს საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერა მრავალჯერ იყო დემონსტირირებული როგორც სახელმწიფო მდივნის, ასევე აშშ-ს სხვა ოფიციალური პირების მიერ.
მან აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჩიკაგოს სამიტზე კონსტრუქციული პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო როგორც ასპირანტი ქვეყანა, ნატოს წევრობისაკენ გზას კვლავ გააგრძელებს.
