საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნისთვის დემოკრატიის გაღრმავების შესაძლებლობაა.
ამის შესახებ დღეს ბათუმში საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში მესამე პლენარული სხდომის გახსნისას სიტყვით გამოსვლაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული არჩევნები ასევე საქართველოსთვის შესაძლებლობაა გააძლიეროს ლეგიტიმურობა დემოკრატიული ინსტიტუტებისა საკუთარი საზოგადოებისა და მსოფლიოს თვალში.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანიები კონკურენტუნარიანი უნდა იყოს.
„არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი თვითონ არჩევნების დღესაც და მანამდეც. უწყებათაშორისი ოპერატიული ჯგუფების შექმნა კარგი საფეხურია იმისთვის, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრები იქნეს განხილული“ - აღნიშნა კლინტონმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოში „ვარდების რევოლუციიდან“ დემოკრატიის გაძლიერებისთვის გადადგულ ნაბიჯებს მნიშვნელოვნად აფასებს.
როგორც მან განაცხადა, ამ კუთხით საქართველოს პროგრესი მთელს მსოფლიოში აღნიშნეს.
მისი თქმით, ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, რომ დემოკრატიული ფასეულობების კონსოლიდაცია მოახდინოს, რადგან ეს მისი მომავლის მთავარი შემადგენელი ნაწილია და ქვეყანას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან უფრო ახლოს მიიყვანს.
ამასთან, ჰილარი კლინტონმა პოლიტიკაში ქალების ჩართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობა და ქვეყანა მთლიანობაში უფრო ძლიერი იქნება, როდესაც ქალებს ექნებათ უფრო მეტი უფლებები, უფრო დიდი როლი საქართველოს მომავლის ჩამოყალიბებაში.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველომ „ვარდების რევოლუციით“ ისტორია შექმნა, უფრო რთული და მნიშვნელოვანი სამუშაო მომავალში უწევს.
მისივე განმარტებით, საქართველომ ჩვეულებები და პრაქტიკა უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც დროთა განმავლობაში დემოკრატიას შეინარჩუნებს.
