ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უკვე საქართველოშია.
მისი თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 21:50 საათზე დაეშვა. სახელმწიფო მდივანს
აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად აეროპორტი უკვე დატოვა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გრიგოლ ვაშაძეს სავარაუდოდ, დღესვე შეხვდება. სხვა შეხვდერებს კი, იგი დილით ადრე დაიწყებს.
ვიზიტის ფარგლებში, ჰილარი კლინტონი პირველ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან ბათუმის „რედისონში“ გამართავს.
ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ, ნიკა გილაური და ჰილარი კლინტონი 10:00 საათზე ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნიან.
პარალელურად გაიმართება უწყებათშორისი ჯგუფების შეხვედრები.
შეხვედრებზე შეერთებულ შტატებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და თავისუფალი ვაჭრობის, ასევე, დემოკრატიული რეფორმებისა და მოახლოებული არჩევნების საკითხები განიხილება.
11:00 საათზე კი, სახელმწიფო მდივანი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელებთან გამართავს შეხვედრას.
დღის მეორე ნახევარში, კლინტონი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, იუსტიციის სახლში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, ოფიციალური სადილია დაგეგმილი.
საღამოს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბათუმის პიაცაზე ქართველი ვარსკვლავების კონცერტს დაესწრება.
ჰილარი კლინტონი საქართველოში ევროპულ-კავკასიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება.
