„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კონტროლის პალატის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კონტროლის პალატის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს
20:56 04.06.2012
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კონტროლის პალატის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ იურისტმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, პარტია კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნას იმის გამო არ შესარულებს, რომ მას არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია.
როგორც ბარამიძემ აღნიშნა, კონტროლის პალატა მოითხოვს შპს „მენეჯმენტ სერვისს“ 476 619 ლარი იმ მომსახურებისა და შემოწირულობისთვის გადაუხადოს, რომელიც მას არ მიუღია.
„ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ არასდროს არავითარი ფართი არ უქირავებია „მენეჯმენტ სერვისისგან“ და არც სარემონტო სამუშაოები ჩაუტარებია ამ კომპანიას, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქირავნობის ხელშეკრულების მხარეს ეს პარტია საერთოდ არ წარმოადგენს“- აღნიშნა ბარამიძემ.
მისივე განმარტებით, შპს „მენეჯმენტ სერვისისა“ და კოალიციის ხელშეკრულების გაფორმების დროს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საერთოდ არ არსებობდა.
ბარამიძე მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატის იურისტები ვერ არჩევენ ერთმანეთისგან ორ პოლიტიკურ სუბიექტს - კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიულ საქართველოს“.
„კონტროლის პალატის იურისტები უბრალოდ ვერ ხვდებიან თუ რომელი იურიდიული პირი რას წარმოადგენს, შესაბამისად, ეს განცხადება იურიდიულად არამართებულია და ისეთ მოთხოვნას შეიცავს, რისი შესრულებაც შეუძლებელია“- განაცხადა ბარამიძემ და აღნიშნა, რომ პარტია „მენეჯმენტ სერვისს“ იმ თანხას ვერ დაუბრუნებს, რაც მას კომპანიისგან არასდროს მიუღია.
კონტროლის პალატამ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველო“ შპს „მენეჯმენტ სერვისისთვის“ თანხის დაბრუნების მოთხოვნაზე წერილი დღეს გაუგზავნა.
კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური „მენეჯმენტ სერვისისთვის“ იმ თანხის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც კონტროლის პალატისვე ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიისგან პარტიამ მომსახურების სახით მიიღო.
წერილის თანახმად, სამსახურმა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დაადგინა, რომ „მენეჯმენტ სერვისი“ პარტიას საკუთრი სახსრებით უსასყიდლოდ მოემსახურა. კერძოდ, მან პარტიის ოფისებში სარემონტო სამუშაოებზე 477 619 ლარი დახარჯა, რაც კონტროლის პალატის განმარტებით, შემოწირულობაა და იურიდიულ პირს ამის განხორციელება ეკრძალება.

ბეჭდვა