„დემოკრატიული მოძრაობა“ ჰილარი კლინტონს ღია წერილით მიმართავს
„დემოკრატიული მოძრაობა“ ჰილარი კლინტონს ღია წერილით მიმართავს
20:01 04.06.2012
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს ღია წერილით მიმართავს, რომელშიც 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე და ამ დღეს დაშავებულებსა და გარდაცვლილებზეა საუბარი.
„პოზიტიურად ვაფასებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტის დასკვნა მნიშვნელოვანწილად ასახავს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას. ის დიპლომატიური თავშეკავებით ეხება ამ სფეროში არსებულ ყველა პრობლემას.
ანალოგიურად კრიტიკული იყო სახელწიფო დეპარტამენტის შარშანდელი დასკვნაც, მაგრამ ხელისუფლებას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. სწორედ ხელისუფლების მიერ ამ საკითხების იგნორირების შედეგად სიტუაცია თითქმის ყველა მიმართულებით გაუარესდა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტის დასკვნაც კიდევ უფრო კრიტიკული გახდა.
2011 წლის 26 მაისის სისხლიან ღამეს ხელისუფლების მხრიდან სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს, დაირღვა ყველა საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, კონვენცია, შეთანხმება. დაირღვა საქართველოს უზენაესი კანონი - კონსტიტუცია. სადამსჯელო სპეცოპერაციის შედეგად, სახელისუფლო ოფიციალური მონაცემებით გარდაიცვალა 4 ადამიანი, აქციის ასობით მონაწილემ მიიღო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება. უკანონოდ, მოგონილი ბრალდებებით დააპატიმრეს 300-მდე ადამიანი, „სახალხო კრების“ 41 პოლიტპატიმარი დღემდე უკანონოდ რჩება საპატიმროებში (ორი სასჯელის მოხდის შემდეგ გამოშვებულია). მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნა იყო ჩატარებულიყო ობიექტური გამოძიება 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ შსს-ს ე.წ. დახურული შიდა მოკვლევით დაკმაყოფილდა.
დარწმუნებული ვართ, რომ დროული და ადექვატურად მწვავე რეაგირების შემთხვევაში ქვეყანაში არ იქნებოდა ის მდგომარეობა, რაც დღეს არის - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების მდგომარეობა უმძიმესია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად გაურკვეველ ვითარებაში 146 პატიმარია დაღუპული, მხოლოდ ორი თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის 30-ზე მეტი ფაქტია დაფიქსირებული და არც ერთი მათგანი არ არის გამოძიებული, ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებით, კონტროლის პალატამ შეიძინა სადამსჯელო ფუნქცია და ახორციელებს ზეწოლას ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და მის მხარდამჭერებზე, წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მიერ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებებით საარჩევნო გარემო უკიდურესად გაუარესდა. როგორც რეალობა გვიჩვენებს და ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკოსები პროგნოზირებენ, ხელისუფლება საარჩევნოდ გაამკაცრებს დევნას ოპოზიციურ აქტივისტებზე; ისევ მოგონილი და შეთითხნილი ბრალდებით, მართული სასამართლოების მეშვეობით გარკვეული პერიოდით მოაშორებს მათ საარჩევნო ბრძოლას.
მნიშვნელოვანია, თუ თქვენი ვიზიტის დროს მოიკითხავთ და ყურადღებას გაამახვილებთ იმ პატიმართა მდგომარეობაზე, რომლებიც უდანაშაულოდ იხდიან უკანონო სასჯელს და მიღწეული იქნება, რომ ხელისუფლებამ გადახედოს თავის დამოკიდებულებას მათ მიმართ.
დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელისთვისაც მხოლოდ რეალობის ასახვა არ არის საკმარისი. ქვეყნის ხვალინდელი დღისათვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ აშშ-ს ხელისუფლება ადექვატურ სახელს დაარქმევს საქართველოში არსებულ სიტუაციას. არსებული რეალობა კი ასეთია: დღეს საქართველოში დემოკრატია არ არის“ - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივნისადმი მიმართვაში.

ბეჭდვა