საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელში დღეს საშინაო საქმეთა ევროკომისარს სესილია მალმსტრომს შეხვდა, რომლის შედეგადაც საქართველო-ევროკავშირის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ ოფიციალურად გაიხსნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავიზო დიალოგის გახსნა 2011 წლის 1 დეკემბერს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეფუძნება.
მათივე ინფორმაციით, ამავე გადაწყვეტილების თანახმად, 2012 წლის მარტში საქართველოს ევროკავშირის ექსპერტთა მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლებმაც საქართველოს მზაობა ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დასაწყებად დადებითად შეაფასა.
„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ დიალოგის გახსნისთვის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებათა წარმატებული და ეფექტური იმპლემენტაცია წარმოადგენდა“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათი ინფორმაციით, საქართველოს მიერ მთელი რიგი ღონისძიებები და რეფორმები განხორციელდა, რომელიც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით და ეფექტურად წარმართვას შეუწყობს ხელს.
„დადგენილი პროცედურების თანახმად, მომდევნო ეტაპი შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას და საქართველოსთვის გადმოცემას ითვალისწინებს, რაც შემოდგომაზე საშინაო საქმეების ევროკომისარის სესილია მალმსტრომის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იგეგმება“ - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს მიერ განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები სტანდარტული ოთხი ბლოკის მიხედვით - დოკუმენტების უსაფრთხოება; არალეგურალური მიგრაცია; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; საგარეო ურთიერთობები და ადამიანის უფლებები განისაზღვრება, რომლის წარმატებულად შესრულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება გახდება შესაძლებელი.
