ჰილარი კლინტონი პირველ შეხვედრას ნიკა გილაურთან გამართავს
ჰილარი კლინტონი პირველ შეხვედრას ნიკა გილაურთან გამართავს
18:58 04.06.2012
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ხვალ, ბათუმში ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში, ჰილარი კლინტონი პირველ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან გამართავს ბათუმის „რედისონში“.
ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ, ნიკა გილაური და ჰილარი კლინტონი 10:00 საათზე ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნიან.
პარალელურად გაიმართება უწყებათშორისი ჯგუფების შეხვედრები.
შეხვედრებზე შეერთებულ შტატებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და თავისუფალი ვაჭრობის, ასევე, დემოკრატიული რეფორმებისა და მოახლოებული არჩევნების საკითხები განიხილება.
11:00 საათზე კი, სახელმწიფო მდივანი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელებთან გამართავს შეხვედრას.
როგორც „ნიუსპრესს“ აშშ-ს საელჩოში განუცხადეს, დღის მეორე ნახევარში, კლინტონი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, იუსტიციის სახლში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, ოფიციალური სადილია დაგეგმილი.
საღამოს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბათუმის პიაცაზე ქართველი ვარსკვლავების კონცერტს დაესწრება.
ჰილარი კლინტონი საქართველოში ევროპულ-კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. ის, საქართველოს სომხეთიდან დღეს საღამოს ეწვევა, ბათუმიდან კი, აზერბაიჯანში გაემგზავრება.

ბეჭდვა