თურქეთში გეოგრაფიული რუკები იბეჭდება, სადაც საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი – რიკოთის უღელტეხილამდე, თურქეთის საზღვრებშია მონიშნული.
ამის შესახებ დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია მას ქართველმა სტუდენტებმა სტამბოლიდან მიაწოდეს, რომლებმაც ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე აღმოაჩინეს ასეთი რუკა. დეპუტატის თქმით, სტუდენტებმა შეხვედრაზე ეს ფაქტი გააპროტესტეს.
დეპუტატი, მტკიცებულების სახით, ამ რუკის პარლამენტისთვის წარდგენას გეგმავს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავს ფაქტებს ყურადღებას უნდა აქცევდეს. თუ თურქეთი მოგობარი ქვეყანაა, მეგობარი ასე არ უნდა იქცეოდეს“ – განაცხადა ბაღათურიამ.
აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა.
„მაშფოთებს ის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს ანტითურქული განცხადებების სახით ვლინდება. უნდა გვესმოდეს, რას ვეთამაშებით. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიებზე პრეტენზია აქვს რუსეთია“– განაცხადა ბაქრაძემ.
მან ყველას მოუწოდა, რომ ძალისხმევაც სწორედ ამ მიმართულებით წარმართონ.
